ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ ყოფილ საბჭოეთში ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით ვითარება „ყოველწლიურად უარესდება“. პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი“. საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია - მას სიაში 84-ე ადგილი უკავია, შარშან მე-100 იყო. რუსეთი 148-ე ადგილზეა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მთავრობამ რეპრესიების კურსი აირჩია და „დრაკონულ კანონებს“ იღებს. ორგანიზაციის თქმით, 161-ე ადგილზე მყოფ ყაზახეთში და 160-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანში მედიის თავისუფლება „მზარდ რეპრესიულ ტენდენციებს“ ეწირება. ორგანიზაცია შედარებით დადებითად აფასებს რეგიონის ოთხ ქვეყანას - 84-ე ადგილზე მყოფ საქართველოსთან ერთად, მოლდავეთს (56-ე ადგილი), სომხეთს (78-ე ადგილი) და ყირგიზეთს (97-ე ადგილი). „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თვლის, რომ ამ ქვეყნებში „პლურალიზმი საკმაო ხარისხითაა დამკვიდრებული და სახელმწიფო ცენზურა შედარებით ნაკლებია“. სიის ბოლო ადგილებზე უზბეკეთი (166) და თურქმენეთია (178). სათავეში, საუკეთესო შედეგებით, იგივე ქვეყნების სამეული რჩება - ფინეთი, ნიდერლანდი და ნორვეგია. აშშ-ის მაჩვენებელი მე-13-ე ადგილიდან 46-ე ადგილამდე დაეცა, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის წყაროების და ინფორმატორების ძიების მცდელობების ფონზე.