ერაყის არმია ექსტრემისტებს ებრძვის

ერაყის არმია ბრძოლით ცდილობს კონტროლის აღდგენას ჩრდილოეთის ქალაქზე და ადგილებზე, რომლებიც ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს. სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალები ტანკების გამოყენებით უტევენ ექსტრემისტებს, რომლებსაც სალაჰედინის პროვინციაში დაკავებული აქვთ ქალაქი სულაიმან ბეკი და მისი მიმდებარე სოფლები. პარალელურად, ანბარის პროვინციაში, შეიარაღებულ პირებს კვლავ დაკავებული აქვთ ქალაქი ფალუჯა და პროვინციის დედაქალაქ რამადის ნაწილი. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახური იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალები ფალუჯაში ერთ-ერთ საავადმყოფოს მეშვიდე დღეა ესვრიან, სნაიპერების გაუვნებელყოფის მიზნით. გაერო შეშფოთებას გამოთქვამს ფალუჯაში მცხოვრები სამოქალაქო პირების მდგომარეობის თაობაზე.