საქართველო ჩაერთვება ცენტრალურ აფრიკაში წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში

საქართველო ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, 6-თვიან მისიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული. „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჰუმანიტარულ, მორალურად გამართლებულ მისიას ევროკავშირი გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა მთავრობის გადაწყვეტილება აცნობა საქართველოს პრეზიდენტს და სთხოვა, კონსტიტუციით დადგენილი წესის თანახმად მოახდინოს საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.