საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის რეფერენდუმის წინააღმდეგია

საერთაშორისო თანამეგობრობა გამოდის ყირიმში რუსეთთან შეერთების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმის წინააღმდეგ. ეუთომ სამშაბათს განაცხადა, რომ რეფერენდუმზე მისიას არ გაგზავნის. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე ბურკჰალტერმა - რომლის ქვეყანაც ვენაში განთავსებული ეუთოს მორიგე ხელმძღვანელია - 16 მარტს დანიშნულ რეფერენდუმს, ამჟამინდელი ფორმით, უკანონო უწოდა. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის კრიზისის შესახებ ტელეფონით ილაპარაკეს, თუმცა მათ საუბარს შედეგი არ მოჰყოლია. სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი კითხვების ჩამონათვალი. ვაშინგტონის თქმით, ეს კითხვები იმის გარკვევას ემსახურება, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მოსკოვი კრიზისის დიპლომატიური გზებით გადასაჭრელად.