უკრაინის პრემიერმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია ხდება, „რასაც არ აქვს მიზეზი და არ აქვს საფუძველი“, მაგრამ კვლავ არის დრო კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მან რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და ვითარების მოგვარების მიზნით დაიწყოს ნამდვილი მოლაპარაკება. იაცენიუკმა ეს განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინას ეძღვნება. გამოსვლისას იაცენიუკი, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმართავდა საბჭოს, მიუბრუნდა გაეროში რუსეთის ელჩს, ვიტალი ჩურკინს და რუსულად ჰკითხა, მართლა სურს თუ არა ომი რუსებს.