მალაიზია გაფართოებულ არეალში განაგრძობს დაკარგული თვითმფრინავის ძებნას

მალაიზია აცხადებს, რომ ინდოეთის ოკეანეზე გავრცელდა შაბათს დაკარგული თვითმფრინავის ძებნა. ამასთან, მალაიზია არ აკეთებს კომენტარს აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომ თვითმფრინავმა - რადარებზე ბოლოს გამოჩენის შემდეგ - კიდევ რამდენიმე საათი გააგრძელა ფრენა. მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრის, ჰიშამუდინ ჰუსეინის განცხადებით, მას არ გააჩნია ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია თვითმფრინავს, რომელიც თითქმის ერთი კვირის წინ გაუჩინარდა ბორტზე 239 ადამიანით, კუალა ლუმპური-პეკინის რეისის შესრულებისას. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ რამდენიმე წყაროდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავმა გადაუხვია წინასწარ დადგენილი კურსიდან და ფრენა დასავლეთის მიმართულებით გააგრძელა.