სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამეგრელოს რეგიონში არსებულ სამალავებში აღმოჩენილი, ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეომასალების საქმეზე ბრალდებულ პირებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ქარდავასთან ერთად ბრალდებული იყო შს-თა და თავდაცვის სამინისტროების კიდევ 12 ყოფილი თანამშრომელი. მათგან ერთი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, სამს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, დანარჩენებს კი სასამართლომ ცხრა, შვიდი, ექვსი და ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.