ღარიბაშვილი: სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას

„სამეგრელოში, უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას” - განაცხადა ოთხშაბათს ზუგდიდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა უმთავრეს მიზნად დაასახელა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთნდობის აღდგენა. მისივე თქმით, აფხაზეთი საქართველოს თავის ნებით და საიმედო და სასურველი მომავლის განცდით უნდა დაუბრუნდეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დარღვეული კავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიმზიდველობით უნდა აღდგეს. „სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ მათი უკეთესი და უსაფრთხო მომავლისათვის ზურგის შექცევას ნიშნავს” - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იქცეს ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. „როცა საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ აფხაზ ძმებსაც გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა გახდება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის საწინდარი. „ეს მიმაჩნია აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად, რადგან ამ ურთიერთობების გარეშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს სამეგრელოდან დაიწყო ქვეყნის რეგიონებში არსებული პრობლემების გაცნობა. მან სენაკში სამხედრო ბაზა დაათვალიერა, ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ხურჩაში გახსნა გზის ახალი მონაკვეთი. 3 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოდან აჭარაში გაემგზავრება.