ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდვად შეაფასა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ. „ანალიტიკოსები ყოველდღე საუბრობენ, რომ რუსეთის მხრიდან გაზრდილია აგრესიის საფრთხე, რომელსაც მხოლოდ ჭიკაიძე ვერ ხედავს“, - განაცხადა თბილისში 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ევრაზიული კავშირი ახალგორში ოფისის გახსნას აპირებს. „ამ ფონზე ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭმა შემოგვთავაზა სრული ბოდვა „ასავალ-დასავალის“ სტილში“, - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრი საფრთხეს ხედავს არა იმ ძალებში, რომლებიც სახელმწიფოებრიობას არყევენ, არამედ პროდასავლურ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობა აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე დაიბაროს.