სეპარატისტებმა რამდენიმე შენობა დაიპყრეს უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში სეპარატისტმა აქტივისტებმა დაიპყრეს მერიის შენობა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი შტაბბინა მას შემდეგ, რაც შაბათს დილით კონტროლი დაამყარეს პოლიციის განყოფილებაზე. სლოვიანსკის მერის, ნელია შტეპას ინფორმაციით, 1000-მდე ადამიანია შეჭრილი მერიის შენობაში, რომელზეც რუსეთის დროშა აღმართეს. ხოლო პოლიციის ცნობით, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა შაბათს დილით პოლიციის შენობაში შეჭრის შემდეგ, ხელთ იგდეს იქ დაცული 400-მდე პისტოლეტი და 20 ავტომატური იარაღი. იუწყებიან ასევე, რომ შენობასთან შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც რუსეთის მხარდამჭერი ლოზუნგებით გამოდიან. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა შაბათს დილით დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“, რომ კამუფლაჟიანმა შეიარაღებულმა პირებმა დაამყარეს კონტროლი პოლიციის შენობაზე სლოვიანსკში და რომ კიევის რეაქცია „ძალიან მკაცრი“ იქნება, რადგან "არსებობს განსხვავება დემონსტრანტებსა და ტერორისტებს შორის". სლოვიანსკი დონეცკის ჩრდილოეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარეობს.