თეთრი სახლი ადასტურებს დაზვერვის შეფის უკრაინაში ვიზიტს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯონ ბრენანის კიევში ვიზიტს გასულ უქმეებზე. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ ბრენანი კიევში მისი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. „დაზვერვის მაღალი დონის ხელმძღვანელობის ვიზიტები სტანდარტული მეთოდია უსაფრთხოების კუთხით ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობის განსავითარებლად“, - აღნიშნა ჯეი კარნიმ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აბსურდული“ უწოდა მოსაზრებებს, თითქოს ჯონ ბრენანის ვიზიტის დანიშნულება სცილდებოდა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებს. კერძოდ, უკრაინის უფლებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გამოთქვა ვარაუდი, თითქოს აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის ვიზიტმა აუნთო მწვანე შუქი ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადებას უკრაინის მღელვარე აღმოსავლეთ რეგიონებში. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა განცხადება და ბრენანის კიევში ვიზიტის თაობაზე განმარტებები მოითხოვა.