დასრულდა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

თბილისში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილით დაასრულეს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლორან ფაბიუსმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრეს. პრესსამსახურის ცნობითვე, ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა ლორან ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო უკვე დაგეგმილ მაღალი რანგის ვიზიტებსაც. 13 მაისს საქართველოს ეწვევა საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, 2 ივნისს კი, გერმანიის კანცლერის მიწვევით ბერლინში გაემგზავრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.