ავტორი: სალომე გაბლიანი





-ვინ ხარ?
-ქართველი.
-რამდენი წლის ხარ?
-სამი ათასი.
-ვინ არიან შენი მშობლები?
-დიდი ხნის წინ დამეხოცა.
-მაშ ვინ გზრდიდა?
-ხან -ვინ, ხან-ვინ.
-მაინც?
-ერთს დავითი ერქვა.
-ახლა სად არის?
-უკრაინაში. მირგოროდშია დაკრძალული. გავიგე, იქ მის საფლავს კარგად უვლიან.
-კიდევ ვინ გზრდიდა?
-ილია ერქვა. ჭკვიანი კაცი იყო. ჩემთვის სიკეთე უნდოდა, მაგრამ ვერ გავუძელი და სიცოცხლეს გამოვასალმე.
-შენ ?
-კი, მე. მერე წმინდანად შევრაცხე. ახლა მის სახელზე ვლოცულობ ხოლმე.
-რატომ გაიმეტე?
-იმიტომ,რომ მართალი იყო.
-ოცნება გიყვარს?
-სულ.
-შენს ოცნებას ოდესმე დადევნებიხარ?
-თუ ჩემი ბედია, თავისით ამისრულდება.
-ხშირად გშია?
-კი, ხშირად. მაგრამ არ ვიმჩნევ.
-რატომ?
-სხვებს გაუხარდებათ.
-შიმშილს მალავ?
-კი.
-როგორ?
-ლამაზად ვიმოსები. ფაქიზად ვინიღბები. მშვენიერ სახლში ვცხოვრობ. მანქანასაც არა უშავს. იმდენს ვშვრები, მოწყალებას აქეთ მთხოვენ.
-მერე ეხმარები?
-ციგნებს არა. ეგენი მძულს. ქართველს კიდე შეიძლება.
-რატომ გძულს?
-იმიტომ რომ რასისტი და შოვინისტი ვარ. მინდა, ფერადკანიანები თავიანთ აფროგზას გაუყვნენ. ამ არაბმა ბიზნესმენებმაც თავი დაგვანებონ. თურქები კი. ოო! უნდა გაჟლიტო,როგორც თვითონ გვაოხრებდნენ.
-მაშინ სტამბულში რატომ დადიხარ და თურქული საქონელით აქ ვაჭრობ?
-დამატებითი შემოსავალი მაწყენს? ხალხი მძულს, თორე საქონელი კარგი აქვთ. და კიდევ, მაგათ სერიალები. ვინც კი ნიჭიერი მსახიობი ჰყავთ, ყველას ქართული ფესვები აქვს, იცოდი?
-გამოდის, თუ არაბი, სომეხი, თურქი ან სხვა ვინმე სტუმრად მოგივა, გააგდებ?
-რას ამბობ. ეგ რა წესია. მივიღებ, გავუღიმებ და სუფრაზე იმხელა ხორაგს დავუყრი, თავისი ალაფურშეტია თუ რაღაც, სიზმრადაც არ მოელანდოს.
-ეს რისთვის?
-სტუმართმოყვარე ვარ და იმისთვის. მერე რუსთაველზე გავასეირნებ, ნაცნობ გამყიდველს თვალს ჩავუკრავ და ისიც სამმაგ ფასში მიჰყიდის სუვენირს. უცხოელია, ფული აქვს. რა მენაღვლება.
-სუფთა ქართულით საუბრობ?
-რუსულ ბარბარიზმებს ხშირად ვიყენებ. კიდევ ეგ მირჩევნია ინგლისურ პრანჭიაობას. უფრო მამაპაპურია.
-რა თვისება მოგწონს შენში ყველაზე მეტად?
-რაინდული სულისკვეთება, ღირსება და პატრიოტიზმი.
-შენი სამშობლოსთვის რა გაგიკეთებია?
- მონასტერს ყოველ კვირაში სურსათით ვამარაგებ. კიდევ ჰომოსექსუალებს არ ვაჭაჭანებ. მაგათი ადგილი აქ არ არის.
-კიდევ ვისი ადგილი არ არის?
-არავისი, ვინც ჩემსავით არ ფიქრობს.
-რა გაკლია?
-მონდომება. ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი.
-ყველაზე მეტად რა გინდა?
-ბევრი ფული. იოლი ფული. მახვილი სმენა, რომ მეზობლის ლაპარაკი გავიგონო და არწივის თვალი, ვნახო ერთი ლამარიე დღეს ვინ მოაცილა.
-სექსი გიყვარს?
-(პირჯვარს იწერს) ცოდვაში ნუ მაგდებ.
-ყველაზე მეტად რას იცავ?
-ტრადიციებს.
-მაგალითად?
-წინაპრების საფლავებზე ღვინო ლიტრობით უნდა დავაპკურო. სიგარეტიც ვაკმიო, იქნებ უყვარდა. სუფრაზე ოთხზე შეყენებული შებრაწული ტახები დავდგა. ლომისობაზე ავიდე, ასობით ცხვარს თავი წავაცალო და იმათ რქებზე სანთელი ავანთო.
-მარტო ხარ?
- გარეთ მხდალი ვარ, შინ -ძლიერი. მარტოობა არ ჯობს?
-ყველაზე მეტად რას გაუბრაზებიხარ?
-მე ზვიადის დროშას ვაღიარებ, მიშას დროშა ჩემი დროშა არ არის, მაგრამ ერთხელ საქართველო-ესპანეთის კალათბურთის მატჩზე ქართული დროშის ნაცვლად ტაბლოზე აშშ-ს ანუ ჯორჯიის შტატის ალამი გამოსახეს. ამან გამაბრაზა. არა უშავს. ჩვენ მაინც ყველაზე მაგრები ვართ.