სირიელმა მეამბოხეებმა ალეპოში სასტუმრო ააფეთქეს

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში მეამბოხეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა უძველეს ციტადელთან მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც, მეამბოხეთა ინფორმაციით, 50-მდე სამთავრობო სამხედრო ემსხვერპლა. ისლამური ფრონტის მეამბოხეთა ალიანსმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მისმა წევრებმა ააფეთქეს სასტუმრო და კიდევ რამდენიმე შენობა, რასაც 50-ზე მეტი სამხედრო შეეწირა. ბრიტანეთში განთავსებული ოპოზიციური ორგანიზაცია, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ მეამბოხეებმა გვირაბი გაიყვანეს სასტუმრო კარლტონის ქვეშ, რომელსაც მთავრობის ჯარები ბაზად იყენებდნენ. ობსერვატორიის დირექტორის, რამი აბდელ-რაჰმანის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 30-მდე ადამიანი. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ ისტორიული შენობების ქვეშ თავიანთი გაყვანილი გვირაბები „შეიარაღებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა“ ააფეთქეს, რასაც მასშტაბური ზიანი მოჰყვა. სანას მსხვერპლის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია.