პუტინმა მეორე მსოფლიო ომში რუსეთის ღვაწლზე ისაუბრა

რუსეთის ხალხის ძლიერ ნებისყოფამ და სიმტკიცემ ევროპა მონობისაგან იხსნა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრებოდა. ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს რუსი ხალხის უდიდესი გამარჯვება უწოდა. სადღესასწაულო აღლუმში მონაწილეობას 11 ათასი ჯარისკაცი, 150 ერთეული მძიმე ტექნიკა, 60 სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი ღებულობდა. რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზას წარმოადგენს.