პაკისტანში აფეთქების შედეგად 15 პირი დაშავდა

პაკისტანის პოლიციის ცნობით, 15 მაისს ისლამაბადის ახლოს მდებარე ქალაქ რავალპინდიში 15 ადამიანი დაიჭრა რესტორანთან დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქება მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა ქალაქის პოლიციის ვებ-საიტი გატეხეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა 16 მაისს განაცხადა, რომ ექსპერტები იკვლევენ - აფეთქება დისტანციური მართვის გამოყენებით მოხდა, თუ ტაიმერით. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ბოლო რამდენიმე წელიწადში პაკისტანში ასეულობით აფეთქება მოხდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივ მეამბოხეებს ბრალდება. ბოლოდროინდელი აფეთქებები თან სდევს ხელისუფლების მცდელობას - სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს პაკისტანის „თალიბანთან“.