ვენაში სრულდება ირანთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 16 მაისს განაცხადეს, რომ მსოფლიო ექვსეულთან ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები წინ მიიწევს, თუმცა პროცესი „რთულია“. აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას სურთ, რომ ირანმა შეზღუდოს ბირთვული საქმიანობა, რის სანაცვლოდაც მის მიმართ დაწესებული სანქციები გაუქმდება. აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდის დასრულებამდე - 16 მაისს მოახერხონ მუდმივი შეთანხმების ტექსტის შედგენა. მათი განცხადებით, პოზიციების დასაახლოებლად ბევრი საკითხი კვლავაც განსახილველია. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისმა 12 მაისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ირანი უნდა დათანხმდეს „სარწმუნო მოქმედებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში - საბოლოო შეთანხმება არ იქნება.