მლადიჩის საქმეზე დაცვის ეტაპი იწყება

რატკო მლადიჩის ადვოკატები 19 მაისს შეუდგებიან მის დაცვას ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე. მლადიჩს ბრალი ედება 11 დანაშაულში, მათ შორის - 1992-95 წლების ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენასა და გენოციდში. მლადიჩის ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მლადიჩისთვის წარდგენილ ყველაზე სერიოზულ ბრალდებას, მაგალითად - გენოციდში მის მონაწილეობას დაადასტურებდა. რატკო მლადიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს, მათ შორის - 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე მუსულმანი კაცისა და ბიჭის დახოცვას. მლადიჩი 2011 წლის მაისში დააკავეს და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. სასამართლო მის საქმეზე 2012 წლის მაისში დაიწყო და ბრალდების ნაწილი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა.