რაბინოვიჩი უმაღლესი რადის დათხოვნისკენ მოუწოდებს პოროშენკოს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი, უკრაინის ებრაელთა კონგრესის ხელმძღვანელი ვადიმ რაბინოვიჩი თვლის, რომ უკრაინის მომავალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველი ნაბიჯი უმაღლესი რადის დათხოვნა უნდა იყოს. ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინულ სააგენტოს განუცხადა: „ახალი პრეზიდენტის - პოროშენკოს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უმაღლესი რადის დათხოვნის შესახებ მისივე დანაპირების შესრულება. ეს სწორედ ახლა უნდა მოხდეს, ვიდრე პოროშენკოს ნდობის კრედიტი აქვს. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების პრობლემის გადაჭრა. დღეს პარლამენტში არიან ძალები, რომლებიც ხელს შეუშლიან პოროშენკოს უკიდურესად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში“, -განაცხადა უკრაინელმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვადიმ რაბინოვიჩმა.