ანქვაბი არ ეთანხმება დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი არ ეთანხმება ადგილობრივი პარლამენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. აფხაზური სახალხო კრების 35-დან 20-მა წევრმა გასულ ღამით უნდობლობა გამოუცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ლეონიდ ლაკერბაიას, ალექსანდრ ანქვბს კი თავის სურვილით გადადგომა შესთავაზა. „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ კანონმდებლობით პრემიერის დათხოვნა პრეზიდენტის კომპეტენციაა და არ აპირებს ლაკერბაია თანამდებობიდან გაათავისუფლოს. რაც შეეხება მოწოდებას თავად პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, ანქვაბმა აღნიშნა, რომ პასუხს არ გასცემს, სანამ კონსულტაციებს არ გამართავს მის მხარდამჭერ დეპუტატებთან, ამომრჩევლებთან და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას ემხრობიან და ოპოზიციას საკონსტიტუციო ველში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.