ბარაკ ობამა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეხვდება

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდება მის ინაუგურაციამდე, 4 ივნისს, ვარშავაში. აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა სხვა ქვეყნის მეთაურთან, მისი თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცებამდე, უჩვეულო მოვლენაა. პოროშენკოს ინაუგურაცია დაგეგმილია 7 ივნისისთვის. ცნობით, ვარშავაში დაგეგმილ მოვლენებზე, რომელშიც ობამა იღებს მონაწილეობას, მიწვეულია ყირიმელ თათართა ლიდერიც. თეთრი სახლის თანახმად, ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან ვაშინგტონელი სტუმრის ევროპაში მოგზაურობისას, თუმცა, ორივე ლიდერი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადმოსხმის 70-ე წლისთავს საფრანგეთში.