სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს დონეცკის საავადმყოფოზე

უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ დონეცკში პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობის ნაწილზე. რეგიონული ადმინისტრაციის პრესმდივნის განცხადებით, როგორც ჩანს, სეპარატისტებს კლინიკის გამოყენება თავიანთი დაჭრილი მებრძოლებისთვის დახმარების აღმოსაჩენად სურთ. პარალელურად, უკრაინის სასაზღვრო დაცვა აცხადებს, რომ ინტენსიური შეტაკებების შემდეგ დონეცკსა და მეზობელ ლუგანსკში, რუსეთთან საზღვარზე დროებით დაიკეტა რვა გადასასვლელი მონაკვეთი. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან საზღვარზე სეპარატისტები გადადიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აღშფოთებას“ გამოთქვამს სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის გამო.