49 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ლუგანსკში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 49 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტების მიერ ლუგანსკში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად. სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივნისს უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი „ილ-76“ ლუგანსკის აეროპორტში დაშვებისას ჩამოაგდეს. ფაქტი მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეუძლია დაადასტუროს კიევის განცხადებები რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის - ტანკებისა და ნაღმსატყორცნების მიწოდების შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებული თვითმფრინავით გადაყავდათ პირადი შემადგენლობა, გადაქონდათ ტექნიკა, აღჭურვილობა და სურსათი. თვითმფრინავს საზენიტო დანადგარიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლი.