ერაყის უსაფრთხოების ძალები სუნიტ მეამბოხეებს ებრძვიან ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე კონტროლის დასამყარებლად. საწარმო ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბაჯიში მდებარეობს. ოფიციალური პირების ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის ერთგული ძალები საწარმოზე კონტროლს ინარჩუნებენ, მაგრამ ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფთან შეტაკებები გრძელდება. თუმცა ტელეკომპანია ალ-არაბიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახულია საწარმოდან ამოსული კვამლი და იქვე ახლოს აღმართული შავი დროშა, რომელსაც იყენებს მეამბოხეთა ჯგუფი, სახელად „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. პარალელურად, ერაყის მთავრობა ელის აშშ-ის პასუხს თხოვნაზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს მეამბოხეთა წინააღმდეგ. 18 ივნისს გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესის ლიდერებს უთხრა, რომ ერაყში ამგვარი ნაბიჯისთვის კანონმდებლების ნებართვას არ საჭიროებსო.