განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ უბანზე



განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება მარნეულის საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე უბნებზე. მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის საფუძველზე მარნეულის 25-ე და 57-ე უბნებზე მიღებული შედეგები გაუქმებულია და განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა. ნაციონალურმა მოძრაობამ ამ კვირაში გაავრცელა ორი ვიდეოჩანაწერი, რომელიც პარტიის განცხადებით, მმართველი კოალიციის გამგებლობის კანდიდატის სასარგებლოდ შედეგების გაყალბებას ასახავს. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს, ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირია. მარნეულის საარჩევო ოლქში მომხდარ ფაქტს საქართველოს შსს იძიებს.