რუსეთში ბრალდება წაუყენეს უკრაინელ ოფიცერს, ლეიტენანტ ნადია სავჩენკოს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა შეიპყრეს. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა 9 ივლისს დაადასტურა, რომ სავჩენკო იმყოფება წინასწარი დაკავების ცენტრში ქალაქ ვორონეჟში. რუსეთის სახელმწიფო ტელე- და რადიოკომპანიის ორი ჟურნალისტი, იგორ კორნელიუკი და ვიქტორ დენისოვი 17 ივნისს დაიღუპნენ უკრაინის ქალაქ ლუგანსკთან სარაკეტო იერიშის დროს. უკრაინის საგარეო უწყებამ 8 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის რუსეთში გადაყვანას უწოდებს იმის მორიგ მტკიცებულებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „ტერორისტები“ რუსეთის უშიშროების სამსახურებთან ერთად მუშაობენ. 31 წლის სავჩენკო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობს.