აშქელონში ჩამოვარდა ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ აშქელონში ჩამოვარდა ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა - სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ამოიწურა ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა. დღესვე, ჯერ კიდევ ზავის მოქმედების დროს, ისრაელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა ღაზიდან გაშვებული საარტილერიო ჭურვები. მსხვერპლზე ან რაიმე მატერიალურ ზარალზე ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. დღეს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების შემდეგ, „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფება და ისრაელი დათანხმდნენ ღაზის სექტორში ხუთსაათიანი ჰუმანიტარული ზავის გამოცხადებას. ბოლო ათი დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო იერიშებისა და ღაზის სექტორიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპნენ 220 პალესტინელი და ერთი ისრაელი მოქალაქე.