ჯოხარ ცარნაევის მეგობარი დანაშაულის აღიარებას აპირებს

2013 წლის აპრილში, ბოსტონის მარათონისას ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევის მეგობარი დიას კადირბაევი დღეს აპირებს აღიაროს, რომ ცდილობდა, დაემალა ცარნაევის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამის შესახებ განაცხადა კადირბაევის ადვოკატმა რობერტ სტალმა. კადირბაევსა და ცარნაევის კიდევ ერთ მეგობარს, აზამატ ტაჟაიაკოვს, პროკურატურა ბრალს სდებს ცარნაევის ოთახიდან მისი პერსონალური კომპიუტერისა და პიროტექნიკით სავსე ზურგჩანთის გამოტანაში, რისი მიზანიც ცარნაევის ტერაქტში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების განადგურება იყო. კადირბაევი და ტაჟაიაკოვი ყაზახეთის მოქალაქეები არიან. ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზთან მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 250-მდე ადამიანი.