სოხუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს შემდგარად მიიჩნევს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკაში არჩევნები შემდგარად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16:00 საათისათვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა. კომისიის ხელმძღვანელის ბატალ ტაბაღუას ინფორმაციით, იმ დროისათვის ამომრჩეველთა 56 %-ს მიაღწია ხმის მიცემის აქტიურობამ. აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა - იბრძვის. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.