მარგველაშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრა ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრა ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით. სამიტი უელსში გაიმართება 4-5 სექტემბერს. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.