რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდებმა კასპიის ზღვიდან ფრთოსანი რაკეტები დაუშინეს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს. შოიგუმ 7 ოქტომბერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ კასპიის ზღვაში მყოფი ოთხი სამხედრო ხომალდიდან გასროლილმა 26-მა რაკეტამ თითქმის 1500 კილომეტრი დაფარა დასავლეთ სირიაში დანიშნულების ადგილებამდე. შოიგუს თქმით, რაკეტები სამიზნეებს მოხვდა, ამასთან, მას არ უთქვამს, გზად რომელი ქვეყნის საჰაერო სივრცე გაიარეს რუსეთის რაკეტებმა - ირანის, ერაყის, თუ თურქეთის. თავის მხრივ, პუტინმა დადებითად შეაფასა ის, რაც აქამდე გაკეთდა 30 სექტემბერს სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ და შოიგუს დაავალა, ითანამშრომლოს აშშ-თან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან, ირანთან და ერაყთან სირიის საკითხში. შოიგუს და პუტინის ეს განცხადებები რამდენიმე საათში მოჰყვა ცნობებს, რომ რუსეთმა წუხელ საჰაერო იერიშები განახორციელა დასავლეთ სირიაში, სირიის მთავრობის ჯარების სახმელეთო ოპერაციასთან კოორდინირებით.