ჯო ბაიდენი: რუსეთის მიმართ სანქციები გაგრძელდება

მოსკოვის მიმართ სანქციები, რაც უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო იქნა შემოღებული, კვლავაც გაგრძელდება, განაცხადა კიევში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ამერიკელი პოლიტიკოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, შემდეგ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ასევე პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაშინგტონის მხრიდან სრული „ფინანსური და სხვა სახის“ დახმარება აღუთქვა უკრაინას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს​ ვერხოვნა რადის ვიცე-სპიკერ სვიტლანა ზალიშუკზე დაყრდნობით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს პირისპირ შეხვედრის დროს ბაიდენმა და პოროშენკომ. 7 დეკემბერს მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება.