ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 4 მონადირე 28 დეკემბერს გავიდა სანადიროდ. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა შინ, დანარჩენები კი ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ 2 იანვარს მიმართეს მონადირეების ოჯახებმა და სამაშველო ღონისძიება იმავე დღეს დაიწყო. 3 იანვარს ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.