დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს მე-9 დაწესებულებაში - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი, გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრების წინ დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პროკურატურის ცნობითვე, გიორგი მამალაძეს ბრალად ედება მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება, საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.