კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი აცხადებს, რომ აშშ-ში მოითხოვენ მის დარეგისტრირებას უცხოეთის აგენტად

კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი ერტე (RT, ასევე ცნობილი სახელწოდებით „Russia Today“) აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოსთხოვა ერტე ამერიკას, 13 ნოემბრამდე დარეგისტრირდეს, როგორც უცხოეთის აგენტი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო არ გამოხმაურებია ამ განცხადებას. ტელეარხს პრობლემები შეექმნა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფონზე. სექტემბრის პირველ ნახევარში ერტემ გამოაცხადა, რომ კომპანიას, რომელიც ერტე ამერიკას ემსახურება, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაუგზავნა წერილი მოთხოვნით, დარეგისტრირდეს 1938 წელს მიღებული, ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის შესაბამისად. უფრო ადრე, რუსეთის ფედერაციის საბჭოში განიხილეს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოეთის მედიასაშუალებების დაბლოკვის შესაძლებლობა - „მათ მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის“. საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, აკრძალვის განხილვის ინიციატორები ფიქრობენ, რომ „როსკომნადზორს“ უნდა მიეცეს რუსეთის ტერიტორიაზე „ასეთი მედიასაშუალებების“ დაბლოკვის უფლება. „როსკომნადზორი“ არის რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.