რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, აშშ შესაძლოა, ცდილობდეს რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მოხდენას, როცა კრემლს ადანაშაულებს სპორტში დოპინგის გამოყენების სისტემის შექმნაში. პუტინმა 9 ნოემბერს გამოთქვა ვარაუდი, რომ ვაშინგტონს სურს პრობლემების შექმნა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმის საპასუხოდ, რომ რუსეთმა თითქოსდა სცადა 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების ამსახველი რომელი ფაქტები მიაჩნია გაყალბებულად, ან რა კავშირი არსებობს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და დოპინგის პრობლემაზე საუბარს შორის. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები კრემლს ადანაშაულებენ 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში და ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და კონგრესის რამდენიმე კომიტეტი. პუტინს ჯერ არ წამოუყენებია თავისი კანდიდატურა 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ წამოაყენებს და მეოთხე ვადითაც იოლად გაიმარჯვებს.