აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი პატიმარი გაათავისუფლა

საპროტესტო აქცია როგავების გათავისუფლების მოთხოვნით. ენგურის ხიდი, 2017 წლის 26 აპრილი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრი, არჩიკო როგავა. მისმა შვილმა, თინათინ როგავამ ინტერნეტგამოცემას, „ლაივპრესს“ აცნობა, რომ არჩიკო როგავა უკვე სამი დღეა სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამა-შვილი, არჩიკო და პაატა როგავები 2017 წლის აპრილში დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. მოგვიანებით პაატა როგავას ბრალად დასდეს დაკავებისას აფხაზი მესაზღვრისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ არჩიკო როგავას ორი წლით, ხოლო, პაატა როგავას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ენგურის ხიდთან რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქცია. გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ყოველ შეხვედრაზე ქართული მხარე აყენებს უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაგრძელდება მოლაპარაკება პაატა როგავას და სხვა პატიმრების გასათავისუფლებლად.