საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომელთაც პაკისტანიდან წასვლა მოსთხოვეს, შიშობენ, რომ ძალადობისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ასიათასობით ადამიანს მოელის დახმარების გარეშე დარჩენა. პაკისტანის ხელისუფლებამ 20-ზე მეტი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციისაგან მოითხოვა, ორთვიან ვადაში დაასრულონ ქვეყანაში მუშაობა. ამ ორგანიზაციებს შორის არის ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელსაც 2005 წლიდან მოყოლებული 9 მლნ დოლარი აქვს გაღებული მიწისძვრებითა და წყალდიდობებით დაზარალებულების დასახმარებლად. პაკისტანის ჰუმანიტარული ფორუმი, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აერთიანებს, აცხადებს, რომ 29 მილიონამდე პაკისტანელი სარგებლობს ამ ჯგუფების დახმარებით.