იხსნება საპატიმროდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება

კახა კახიშვილი

2018 წლის პირველი იანვრიდან იხსნება საპატიმროდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი, - ამის შესახებ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას: „გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან თუ ივლიან სასწავლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ასევე, მათ ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.