ფეისბუკის განცხადებით რამზან კადიროვის ანგარიშის დაბლოკვა აშშ-ის სანქციებს უკავშირდება

ფეისბუკი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ანგარიშის დაბლოკვა უკავშირდება მის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. 28 დეკემბრის განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა „კანონიერი ვალდებულება“ გაეუქმებინა კადიროვის ანგარიშები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 20 დეკემბერს სანქციები დაუწესა ჩეჩნეთს პრომოსკოვური ადმინისტრაციის ლიდერ რამზან კადიროვს. სანქციები შეეხება სუბიექტის ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას და აშშ-ის ტერიტორიაზე მისთვის მოგზაურობის უფლების აკრძალვას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი შეიყვანა „მაგნიტსკის აქტით“ სანქცირებულთა სიაში. კადიროვს ადანაშაულებენ ადამიანების წამებასა და გაუსამართლებლად ლიკვიდაციაში. მისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება ასევე ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცების მიმართ რეპრესიებს.