პანკისის ხეობაში დააკავეს კიდევ ერთი პირი

პანკისის ხეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ზურაბ იდოიძე და მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზურაბ იდოიძე დეკემბრის ბოლოს დაკავებულ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და გორნაკაშვილთან ერთად ავტომანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. სუს-ის ცნობითვე, ზურაბ იდოიძე დაკავებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას, ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას. პანკისის სათემო რადიო სოფელ ომალოს რამდენიმე მკვიდრზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ იდოიძე ოჯახთან ერთად ხეობაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა, მანამდე კი დანიაში ცხოვრობდა.