მოსკოვი არჩევნებზე გავლენის მცდელობად მიიჩნევს აშშ-ის გეგმას, გამოაქვეყნოს რუსი ოლიგარქების სია

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობად მიიჩნევს აშშ-ის გეგმას, გამოაქვეყნოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მდიდარი რუსების სია. ამ პირებს, რომელთა ნაწილის ვინაობა, სავარაუდოდ, გასაიდუმლოებული იქნება, შესაძლოა სანქციები დაუწესდეს. პესკოვის 29 იანვრის განცხადება უკავშირდება მოლოდინს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოაქვეყნებს „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილ დოკუმენტს. ის მომზადდა აშშ-ის კონგრესის დავალებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინის დავალებით ჩატარდა კოორდინირებული ჰაკერულ-პროპაგანდისტული კამპანია აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოსახდენად. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და დაზვერვის უწყებებს 180 დღე მიეცა კრემლთან დაახლოებული პირებისა და მათი შემოსავლების დასადგენად. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების გეგმა შეშფოთებას იწვევს რუსეთის ელიტაში.