საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევაზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ შვედეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები, მორგან იოჰანსონი და გიორგი გახარია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 8 მარტს იოჰანსონმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება შვედეთში მოქმედ ქართულ დანაშაულებრივ ჯგუფებზეც. მინისტრის ინფორმაციით, შვედეთში ასეთივე ჯგუფები მოქმედებენ პოლონეთიდან, ლიტვიდან და რუმინეთიდან. 8 მარტს, ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირის მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი მიგრაციაა. საბჭო აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს. საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდის გამო, 8 მარტს, ბრიუსელში შეშფოთება გამოთქვეს გერმანიის და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა. ამ თემაზე 8 მარტს, ჟურნალისტებმა თბილისში თხოვეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც მოკლედ უპასუხა, რომ სავიზო ლიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.