პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილის და ოთხოზორიას გამო საქართველომ სტრასბურგში უნდა იჩივლოს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების გამო, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი" - განუცხადა 22 მარტს, ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, როგორც წესი, შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს, სარჩელი კი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უნდა უჩივლოს.