თეთრი სახლი: სირიაში აშშ-ის მისია უცვლელია

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე სარაკეტო დარტყმები 14 აპრილს განახორციელეს

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ამერიკელი სამხედროები სირიიდან სწრაფად დაბრუნდნენ. ამასთან, სანდერსმა აღნიშნა, რომ მისია არ შეცვლილა და აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სირიაში სრულად გაანადგუროს „ისლამური სახელმწიფო“ და შექმნას პირობები, რომლებიც აღკვეთს ამ დაჯგუფების დაბრუნებას. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებითვე, ვაშინგტონი მოელის, რომ მოკავშირეები და პარტნიორები მეტ სამხედრო და ფინანსურ პასუხისმგებლობას აიღებენ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 15 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია BFM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დაარწმუნა სირიაში ამერიკელი სამხედროების ხანგრძლივად დარჩენის აუცილებლობაში. 14 აპრილს, აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს სირიის არმიის ობიექტებზე. სამხედრო ოპერაცია იყო პასუხი სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომლის გამოც დასავლეთის სახელმწიფოები ბრალს სდებენ სირიის ხელისუფლებას და პასუხისმგებლობას აკისრებენ პრეზიდენტ ასადის მოკავშირე რუსეთსაც.