დონალდ ტუსკი - სერბეთის მომავალს მხოლოდ ბელგრადი გადაწყვეტს

დონალდ ტუსკი და ალექსანდარ ვუჩიჩი

ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობა სერბეთსა და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან მათი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე: „მე ჩამოვედი მკაფიო გზავნილით: ევროკავშირი არის და სურს დარჩეს ყველაზე სანდო პარტნიორად სერბეთისა და დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა 25 აპრილს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. „სერბეთის მომავალი არც მოსკოვის მიერ გადაწყდება, არც ვაშინგტონის, არც ანკარისა და არც ბრიუსელის მიერ. მას მხოლოდ ბელგრადი გადაწყვეტს“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

სერბეთი ისწრაფვის ევროკავშირისკენ და იმავდროულად ცდილობს შეინარჩუნოს ტრადიციულად ძლიერი კავშირები რუსეთთან. დონალდ ტუსკის ერთკვირიანი ტურნე დასავლეთ ბალკანეთში წინ უსწრებს ევროკავშირისა და რეგიონის ლიდერების 17 მაისის სამიტს, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში გაიმართება. ევროკავშირი მოუწოდებს სერბეთს დაალაგოს ურთიერთობა კოსოვოსთან, იმისათვის, რომ 2025 წელს შეძლოს ევროკავშირში შესვლა. კოსოვო სერბეთის ყოფილი პროვინციაა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს - კოსოვოს ომიდან თითქმის ათ წელიწადში. 110-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. სერბეთს არ უღიარებია. დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კოსოვო არის „რთული და ემოციურად დამუხტული საკითხი“ სერბეთისთვის, თუმცა, მისი მოგვარება „მოიტანს ნაყოფს შორეულ პერსპექტივაში“. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს სურს კომპრომისის მიღწევა კოსოვოს საკითხზე, „იმგვარად, რომ ჩვენს შვილებს აღარ ჰქონდეთ ისეთივე პრობლემა, როგორიც დღეს გვაქვს“.

სერბეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მან და "ევროპის საინვესტიციო ბანკის" ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს 45 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას სერბეთისა და ჩერნოგორიის საჰაერო მიმოსვლის ერთობლივი კონტროლის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად.

დონალდ ტუსკი უკვე იმყოფებოდა ალბანეთსა და ჩერნოგორიაში, სერბეთის შემდეგ კი ის კოსოვოში გამართავს შეხვედრებს.