სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანს. რესპუბლიკელების ფრაქციის მიერ გვიან ღამით გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სარგსიანი დაესწრო შეხვედრის მხოლოდ პირველ ნაწილს, დეპუტატებს დეტალურად განუმარტა გადადგომის მიზეზები და მოუწოდა, უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭონ სომხეთის სტაბილურობას და უსაფრთხოებას და ერთიანობა შეინარჩუნონ. ამავე პრესრელიზის თანახმად, სხდომის მეორე ნაწილში საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა განიხილეს შექმნილი სიტუაცია და მოვლენების შესაძლო განვითარება და შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკელების ფრაქცია მზად არის წინასწარი პირობების გარეშე, ყველა მხარესთან განიხილოს ნებისმიერი საკითხი. გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება, რომ დაიწყება მსჯელობა სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის შეცვლაზე. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე სერჟ სარგსიანია. 25 აპრილს რესპუბლიკელებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა პარტია „დაშნაკციუთუნმა“ და საპარლამენტო კოალიცია დატოვა. სწორედ ამ ორმა პარტიამ დაუჭირა მხარი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევას. სომხეთში 25 აპრილიდან განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულების მოთხოვნით. საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, განამტკიცონ ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვება, რომელსაც 23 აპრილს მიაღწიეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სერჟ სარგსიანის გადადგომით. 25 აპრილს, პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ელკმა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.