თურქეთი არ აპირებს ყურად იღოს აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნის გაფრთხილება და უარი თქვას რუსეთისაგან უახლესი ტიპის ანტისარაკეტო სისტემის, S-400-ის შეძენაზე. ანკარა აცხადებს, რომ კონტრაქტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და იგი აღარ შეიცვლება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დროს 27 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ი „სერიოზულად არის შეშფოთებული“ ანკარის გადაწყვეტილებით, რუსეთისგან შეიძინოს იარაღი, რომელიც შეუთავსებელია ნატოს თავდაცვით სისტემებთან. დეკემბერში რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის თანახმად ანკარა 2,5 მილიარდ დოლარად შეიძენს რუსული წარმოების საჰაერო-თავდაცვის სისტემას. ოფიციალური ინფორმაციით, პომპეომ შეახსენა თურქეთს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სამხედრო ტექნიკას რუსეთისაგან ყიდულობენ, რისკავენ, რომ აღმოჩნდნენ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ. პომპეოს გაფრთხილების შემდეგ მალევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გაიმეორა, რომ სანქციების მუქარის გამო ანკარა არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. მით უფრო, რომ გარიგება შემდგარია და ანტისარაკეტო სისტემის S-400-ის შესაძენად ხელმწორეილი კონტრაქტის უდიდესი ნაწილი შესრულებულია, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად თურქეთი არ აპირებს უარი თქვას რუსულ S-400-ზე
S-400-ი ტიპის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი