თბილისის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საკრებულოს ყოფილი წევრი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დედაქალაქის წინა მოწვევის საკრებულოს წევრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ, პარტია „ეროვნული ფორუმის“ ყოფილ წევრს ზურაბ ნეფარიძეს. პროკურატურის ინფორმაციით, მისი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვით ქრთამის აღებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებასა და შრომის კანონმდებლობის დარღვევაში. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება დეპუტატის ბიუროს 4 თანამშრომლისგან სამსახურიდან გაათავისუფლების მუქარით ხელფასის ნაწილის გამოძალვას, ოფისის ფუნქციონირებისთვის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის უკანონოდ დაუფლებას და ფიქტიურად დასაქმებული პირისთვის დარიცხული ხელფასის მისაკუთრებას. ზურაბ ნეფარიძე 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.