კრემლი მიესალმება ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებას "ნოვიჩოკის" შესახებ

კრემლი მიესალმა ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის განცხადებას, რომ ჩეხეთი მცირე რაოდენობით აწარმოებდა "ნოვიჩოკის" კატეგორიაში მყოფ ნერვულ აგენტს - რომელიც, ბრიტანეთის განცხადებით, გამოყენებულ იქნა რუსეთის ყოფილი აგენტის მოსაწამლად. კრემლი აცხადებს, რომ ზემანის სიტყვები ძირს უთხრის ლონდონის პოზიციას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა 4 მაისს თქვა, ზემანის სიტყვები "დამაჯერებელი ილუსტრაციაა", რომ ბრიტანეთის პოზიცია საფუძველს სრულიად მოკლებულიაო. ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. ზემანმა ჩეხეთის ერთ-ერთ ტელეარხს 3 მაისს უთხრა, სამხედრო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, "ნოვიჩოკის" სახელით ცნობილი ნერვული გაზის მცირე რაოდენობა ჩეხეთში 2017 წელს შეიქმნა, შემდეგ ის გამოსცადეს და გაანადგურესო. "ჩვენ ვაწარმოებდით და ვინახავდით ნოვიჩოკს, მცირე რაოდენობით. ვიცით ეს სად იყო და როდის. მოდით, ნუ ვიფარისევლებთ. ამის თაობაზე არ უნდა ვიცრუოთ" - თქვა ზემანმა, რომელიც ცნობილია თავისი პრო-მოსკოვური შეხედულებებით. ბრიტანეთი აცხადებს, რომ სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი იქნა გამოყენებული, ის ამაში რუსეთს ადანაშაულებს და მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ნოვიჩოკი პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა. მოსკოვი უარყოფს საქმესთან კავშირს და აცხადებს, რომ ნერვული აგენტი შესაძლოა შექმნილიყო აშშ-ში, ჩეხეთში ან სხვა ქვეყანაში, სადაც, რუსეთის თქმით, ტარდებოდა ქიმიკატების იდენტური ჯგუფის კვლევები. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა მაშინ გადაჭრით უარყო ეს ვერსია.